“ერთადერთი განმასხვავებელი სხვა შტამებისგან არის ის, რომ ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები, უვლინდებათ სიმპტომატიკა”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა კორონავირუსის დელტა შტამის შესახებ განმარტებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ შტამით დაინფიცირების შემთხვევაში პაციენტებს უფრო მეტად გამოხატული აქვთ ჰექტიური ცხელება.
“ვირუსს ჰქონდა ცხელების ეპიზოდები, ეს იყო მეხუთე, მეშვიდე დღეს, მაგრამ დელტა შტამის შემთხვევაში, ინფიცირების პირველივე დღესვე, შესაძლოა, გამოვლინდეს ტემპერატურის მატება. ტემპერატურა უფრო მეტად არის 38 და უფრო მაღალი.
ცხელება თავისთავად იწვევს ორგანიზმში გაუწყლოვებას. ამ შემთხვევაში ადამიანმა, რა ასაკისაც უნდა იყოს, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს ჰოსპიტალიზაცია. გადამდებლობა ამ შტამს უფრო მეტი აქვს, ვიდრე წინა შტამებს.
ამ შტამის შემთხვევაში ისიც ვთქვით, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება სიმპტომატიკას, არ განსხვავდება წინა შტამებისგან”
რატიანის განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას პანდემიის ლიკვიდაციისთვის 2024 წელი აქვს განსაზღვრული. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფექცია კიდევ სამი წლის განმავლოაბში იქნება აქტიური გავრცელების ფაზაში.