დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 85, თეთრიწყაროში კი 40-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. მისი თქმით, ეს რეგიონები იმისთვის არის ჩაკეტილი, რომ ვირუსმა გარეთ არ გამოაღწიოს. ასე უპასუხა ამირან გამყრელიძემ დასმულ კითხვას, თუ როგორ მოხდა, რომ ჩაკეტილ ზონებში ამ დრომდე ვრცელდება ვირუსი.
„იმიტომაც ჩაიკეტა ეს მუნიციპალიტეტები და ეს რეგიონები, რომ სწორედ იქიდან გარეთ არ გამოსულიყო ინფექცია. ჩვენ იმიტომ ვიკვლევთიქ ყველა ადამიანს და იმიტომ არის ბოლნისში დაახლოებით გამოვლენილი 85 ინფიცირებული ადამიანი და სადღაც 40-მდე თეთრიწყაროში, რომ ყველა კონტაქტი უნდა იყოს იქ გამოკვლეული, ყველა ე.წ შესაძლო შემთხვევა, რათა იმ ადამიანებს ვუმკურნალოთ და ინფექცია იმ რეგიონიდან არ გამოვიტანოთ რეგიონის გარეთ,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.