LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ბიძინა ივანიშვილის მიმართვის ტექსტი

დაპოსტა 2019/12/15-ში
205
ნახვა
გაზიარება

„ მოგესალმებით ყველას,

ახალგაზრდებს, ჩემს თანამებრძოლებს, სრულიად საქართველოს!

შვიდი წელი გავიდა საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ ხალხმრავალი შეკრებიდან, როდესაც აქ, ამ მოედანზე, ნახევარი მილიონი თანამოქალაქე შევიკრიბეთ!
მოედანზე, რომელიც თავისუფლების სახელს ატარებს.

შვიდი წლის წინ, ამ მოედანზე, ჩვენ პრაქტიკულად მთელი ქვეყანა სწორედ თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნებისთვის გავერთიანდით!

დღესაც, ამავე ადგილას, კვლავ ევროპული არჩევანის უპირობო ერთგულებამ გაგვაერთიანა!

რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპა?!
ევროპა უპირველესად ანტიკურ საბერძნეთში ჩასახული დემოკრატია, „მართალი სამართალი“ და ქრისტიანული სულია;

ევროპა ტოლერანტობა და მრავალფეროვნებაა.

ამ ფასეულობებს ორგანულად ნაზიარები, მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურის მქონე ერი, თამამად და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპის დიდ ოჯახში ხელცარიელები არ ვბრუნდებით.
საქართველო – ვეფხისტყაოსნის ცივილიზაციაა, სადაც უცხოს მიღება და განსხვავებული კულტურების თანაარსებობა, დეკლარაციებით კი არ არის დანერგილი, არამედ ჩვენი იდენტობის ნაწილია.

ჩვენში ქრისტიანობა კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა, რომელსაც სომეხმა შუშანიკმა, არაბმა აბომ და სპარსმა ევსტათიმ უერთგულეს.

საქართველო ხომ ღვინის და, დიდი ალბათობით, ხორბლის სამშობლოცაა, რადგან სწორედ ჩვენ დაგვარქვა პირველმა ევროპულმა ცივილიზაციამ, საბერძნეთმა – „გეორგია“, ანუ მიწათმოქმედების ქვეყანა; სწორედ ქართველურ ტომს, ხალიბებს უკავშირდება პირველი რკინის წარმოება; სწორედ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა იასონი ოქროს საწმისის, ანუ ქართველთა საკრალური ცოდნის წასაღებად და არსად სხვაგან.

ჩვენში „ლეკვი ლომისა“ მაშინვე თანასწორი იყო და სწორედ ეს გვაყალიბებდა იმთავითვე ევროპელებად.

ჩვენ, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ევროპაში პირველებმა გავამეფეთ ქალი, ჩავსახეთ პარლამენტარიზმის პირველი ნიშნები და სწორედ საქართველოში, შოთა რუსთაველმა დაარწია პირველად ევროპული ჰუმანიზმის აკვანი.

აქ, ჩვენს მიწაზე, „კოლხეთის აკადემიის“ ფესვებზე აღმოცენდა ევროპული განათლების ისეთი მძლავრი რეგიონური ცენტრები, როგორიც იყო გელათის და იყალთოს აკადემია.
შემდგომში, ისტორიულმა ქარტეხილებმა მოგვწყვიტა ჩვენს საერთო ოჯახს, მაგრამ, როგორც კარგად აღზრდილი ადამიანი ინარჩუნებს ღირსებას ნებისმიერ გარემოში, ისე შეძლო ჩვენმა ერმა თავისი ევროპული კულტურის და ფასეულობების შენარჩუნება.

და მაშინაც კი, როცა არავითარი იმედი არ ჩანდა, სულხან-საბა, ისევ ჯიუტად მიისწრაფვოდა დასავლეთისკენ და თავისი – „სიტყვის კონით“ კვლავ ქმნიდა ევროპას საქართველოში.

მიისწრაფვოდა არა იმიტომ, რომ ვერ ერკვეოდა გეოპოლიტიკურ რეალიებში, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, რადგან ევროპული იყო მისი ქართული ბუნება.

სწორედ ამ, ქართულმა ბუნებამ დაბადა აღმოსავლეთ მთიანეთის პატარა სოფელში ევროპული მასშტაბის მოაზროვნე და ჰუმანისტი – ვაჟა ფშაველა და სწორედ ამ ქართულმა ბუნებამ მისცა აღაზას ზვიადაურის დატირების უფლება.

სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებებია, რაც თითოეულ ქართველს ბადებს ევროპელად და საქართველოს აქცევს ევროპის ბუნებრივ ნაწილად!

ამიტომ, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით. ჩვენ ყოველთვის ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროპულ ცივილიზაციაში.

ჩვენი სამშობლო – ესაა ევროპული კულტურა. თუმცა სახელმწიფო, რომელიც ისევე განსხვავდება სამშობლოსაგან, როგორც – ქვევრი ღვინისგან, – ყოველთვის როდი იყო ევროპული ტიპის. ახლა დადგა დრო, როცა ქართული, ევროპული ღვინო – ევროპული კულტურა, ასევე ევროპული ტიპის სახელმწიფოში ჩავასხათ.

საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში.

მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა!

მჯერა, რადგან ვხედავ, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია – ერი და ბერი, ერთიანი და მტკიცეა ამ არჩევანში!

მჯერა, რადგან ვიცი და ვხედავ, რას ეფუძნება ევროპული ცივილიზაცია!

დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა – ის ფასეულობებია, რაზეც დგას ევროპა და რაც ასე ღრმად არის გამჯდარი ქართულ სულში.

სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებები აქცევს საქართველოს ევროპის ბუნებრივ ნაწილად!

იყო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს შვილი, ანუ იყო ქართველი, ნიშნავს – მღეროდე მრავალჟამიერს, ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე ვეფხისტყაოსანს;

იყო ქართველი – ნიშნავს უძღვებოდე ქართულ სუფრას, შენს თავში ატარებდე ვაჟა ფშაველას;

იყო ქართველი ნიშნავს, შენს ყველა უჯრედში ცოცხლობდეს საქართველო.

ამიტომ, ნურაფრის შეგეშინდებათ, ჩვენ ტკივილი ვერ მოგვერევა და ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგვამარცხებს!
რადგან საქართველო უკვდავია!
უკვდავია მისი კულტურა, მისი დაუდგრომელი სული, რომელიც მუდამ ისწრაფვოდა და ისწრაფვის თავისი ევროპული ოჯახისკენ.

და დღეს, როდესაც დიდი ისტორიის ფესვებზე მდგომებს, მოპოვებული გვაქვს თავისუფლება; როდესაც, ზოგიერთი ხანდახან ირონიულადაც იხსენებს ჩემს სიტყვებს, რომ გასაოცარ დემოკრატიას შევქმნიდით – რეალურად, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპული დემოკრატიაში, რომლის მიღწევაც არა ძალადობრივი გზით და უცხოს თავზე მოხვევით, არამედ ჩვენს ფასეულობებზე დაყრდნობით შევძელით.

სწორედ ასეთი მიდგომით მივაღწიეთ ჩვენ, ევროპასთან ასოცირებას და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას; სწორედ ასეთი მიდგომებით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების უფლება;

სწორედ ევროპული არჩევანისადმი საქმით ერთგულებამ მოგვიტანა სულ ახლახან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო, ორპარტიული მხარდაჭერა!

დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ, ისევ აქ, ამ სიმბოლურ ადგილას, თავისუფლების მოედანზე, ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და ყველა ერთად ვიტყვით – ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მიზანს მივაღწიეთ!

მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა, პირველ რიგში, ზომიერებაა – თავისუფლების და პასუხისმგებლობის იდეალური ბალანსი, იდეალური კვეთა. სამწუხაროდ, ევროპულ სივრცეში დაბრუნება დაბალი ნიშნულიდან იმიტომაც გვიწვეს, რომ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე თავისუფლების სურნელით გაბრუებულებმა, პასუხისმგებლობა სრულად ვერ გავაცნობიერეთ და პრაქტიკულად დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა კი ორმაგად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. სიდუხჭირის გარდა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ.

დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა – სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში;

ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, – სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან;

ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი.

დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ.

მაგრამ, მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, „ქართული ოცნება“ ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა.

ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ! და რაც მთავარია, ისე ვივლით ამ გზაზე, რომ ადამიანი დარჩება მთავარ ღირებულებად და ჩვენს აგრესიულ ოპონენტებსაც კი, სულ მალე, როდესაც ისინი თავად დარწმუნდებიან სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკის უპერსპექტივობაში, მათაც ქვეყნის სამსახურში ჩავაყენებთ, რადგან ასე მღერიან ქართულ მრავალჟამიერში: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“

დაბოლოს!
როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა:
“ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი”.
სწორედ ესაა ჩვენი გზა, ესაა ილიას გზა, ესაა ევროპული გზა!
ამ ვარსკვლავს მივყვებით ჩვენ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ თანამედროვე სამყაროში „გზა ხსნისა“ განათლებაზე გადის.
ამიტომ მივეცით ჩვენს თავს უფლება, ყველაზე მასშტაბური და ამბიციური ინვესტიცია ქვეყნის მომავალში, მის განათლებაში ჩაგვედო!
ბევრი ჩვენზე ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყანა ვერ გაბედავდა, ბიუჯეტის 25% განათლებაზე დაეხარჯა.
ჩვენ კი ეს გავბედეთ და გავაკეთეთ!
განათლების უპრეცედენტო რეფორმა, რომელსაც წელს ჩეყარა საფუძველი, ერთდროულად არის ჩვენი ქვეყნის შვიდწლიანი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების გვირგვინიც და ამბიციური განაცხადიც ჩვენს გარდაუვალ, სამომავლო წარმატებებზე!
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ ღირსეულ გზაზე!
გაუმარჯოს ჩვენს საყვარელ სამშობლოს, გაუმარჯოს საქართველოს!“

თეგები: ბიძინა ივანიშვილი
გაზიარება102

დაკავშირებული -პოსტები

ტყეში იარაღით მოკლული პირის ცხედარი იპოვეს

ნოემბერი 11, 2025
1.2k
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში, ტყეში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული პირის ცხედარი იპოვეს. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოკლული თურქეთის მოქალაქეა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ზუსტად არ იცის, როდის მოხდა ინციდენტი, თუმცა ამბობენ, რომ ღამით ტერიტორიაზე...

დაწვრილებითDetails

“გვეშინია, რომ ჩემს დას ისევ თავს დაესხმება” – ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის და

ნოემბერი 11, 2025
207
მთავარი

31 ოქ­ტომ­ბერს ლი­ლოს ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 30 წლის და­ვით ზუ­რა­ბაშ­ვილ­მა ყო­ფილ ცოლს 11 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რილ ქალს კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე მძი­მეა. ambbei.ge-ს შსს-ს უთხრეს, რომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყუმური-შუახის სადრენაჟე სისტემაზე სამუშაოები მიმდინარეობს

ნოემბერი 11, 2025
26
მთავარი

შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში, ყუმური-შუახის დამშრობ მასივზე სამუშაოებს ატარებს.  სოფლებში - მთისძირსა და გომში, ჯამში, 10 კმ-ზე სიგრძის სადრენაჟე ქსელი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხებსა და კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად,...

დაწვრილებითDetails

რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობიდან გაუშვეს

ნოემბერი 11, 2025
307
მთავარი

ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თანამშრომლებმა კუპრაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღეს თათბირზე გაიგეს. რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად 2023 წელს დაინიშნა.

დაწვრილებითDetails

„საქაერონავიგაცია“ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 11, 2025
297
მთავარი

შპს „საქაერონავიგაცია“ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შპს „საქაერონავიგაციის“ საავიაციო ძებნა - შველის საკოორდინაციო ცენტრში 112 - დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა საავიაციო ინციდენტი საქართველოს ტერიტორიაზე,...

დაწვრილებითDetails

ოქროსა და ვერცხლის ფასმა მოიმატა

ნოემბერი 11, 2025
133
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 4 134 დოლარი ღირს, რაც ერთდღიან პერიოდში 0.50%-ით გაზრდილი ფასია. 0.80%-ით არის მომატებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 50.75...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

ნოემბერი 11, 2025
641
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7064 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7065 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001...

დაწვრილებითDetails

სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქული სატვირთო ბორტი ჩამოვარდა – შსს განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 11, 2025
200
მთავარი

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში არხში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს

ნოემბერი 11, 2025
1.7k
crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space (crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space, ASCII, 116 compon
მთავარი

მეგა ტვ-ის ინფორმაციით ქუთაისში  ციხესთან,  არხში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტიზის ბიურო, მიმდინარეობს გამოძიება. ჯერ-ჯერობით სხვა დეტალები უცნობია, მეგა ტვ აგრძელებს თემაზე მუშაობას.

დაწვრილებითDetails

ბათუმში მეზობელმა მეზობელი დაჭრა

ნოემბერი 11, 2025
212
crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space (crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space, ASCII, 116 compon
მთავარი

შსს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა ბათუმში მოხდა მეზობლებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკების დროს. ბრალდებულმა დანის გამოყენებით...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».