“მიანმარში პოლიციამ ქალაქ მანდალაიში 7 წლის გოგონა მოკლა”, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემასთან საუბარში გოგონას ოჯახმა განაცხადა, რომ ხინ მიო ჩიტს პოლიციამ მაშინ ესროლა, როდესაც მათ ოჯახში ჩხრეკას ახორციელებდნენ და პატარა მამისკენ გაიქცა.
ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები“ მომხდარს გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლიდან, მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში 20-ზე მეტი ბავშვია დაღუპული.
ცნობისათვის, აშშ-მა და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესეს. ევროკავშირმა სამხედრო გენერალს, მინ ან ჰლაინს, 9 სამხედრო ოფიცერსა და საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს აქტივები გაუყინა და სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კი სანქციები დაუწესა მიანმარის პოლიციის უფროსსა და არმიის სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელს. მათი განცხადებით, ისინი პასუხისმგებლები იყვნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, რასაც ლეტალური შედეგები მოჰყვა.