ახალი თაღლითური სქემა ამოქმედდა, რომლის საშუალებით ადამიანებს, რომლებსაც საბანკო ანგარიშზე თანხა აქვთ, თაღლითები ეუფლებიან. საქმე იმაშია, რომ სოციალურ ქსელში მომხმარებლები შეტყობინებას იღებენ, თითქოს ყოველი მეოცე ადამიანი გათამაშებაში მობილურ ტელეფონს – Iphone 11-ს მოიგებს.
იმ იმედით, რომ რომელიმე მათგანი ის “იღბლიანი” მეოცე მომხმარებელი აღმოჩნდება, გათამაშებაში მონაწილეობისთვის თავიანთი პერსონალური მონაცემები შეჰყავთ, მათ შორის ინტერნეტ ბანკში შესასვლელად ინდივიდუალურად მინიჭებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.
თაღლითები ამ გზით მოქალაქეების ინტერნეტ ბანკზე წვდომის საშუალებას იღებენ და ანგარიშზე არსებულ თანხას ეუფლებიან. “პრაიმტაიმი” ასეთ დაზარალებულს ესაუბრა, რომელსაც საბანკო ანგარიშზე 200 ლარი ჰქონდა…
“სოციალურ ქსელში გათამაშების შეთავაზება მომივიდა, სადაც ეწერა, რომ ყოველი მეოცე ადამიანი მობილურ ტელეფონს Iphone 11-ს მოიგებდა. ამას წამოვეგე და გათამაშებაში დარეგისტრირება ვცადე. პროგრამამ მომთხოვა ინტერნეტ ბანკში სარგებლობისას რა სახელსა და პაროლსაც ვიყენებ, ამ ინფორმაციის შეყვანა.
ასეც მოვიქეცი და რამდენიმე წუთში sms შეტყობინება მივიღე, რომ ანგარიშზე 0 ლარი მქონდა, არა და 200 ლარი უნდა მქონოდა. იმ წამსვე ბანკში დავრეკე, საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ჩემი თანხის დაბლოკვა ჩემსავე ანგარიშზე და მალევე თანხა უკან დამიბრუნდა.
ეს მოხდა იმიტომ, რომ ფაქტობრივად წამებში აღმოვაჩინე ეს თაღლითური სქემა და სასწრაფოდ ბანკში დავრეკე. შესაძლოა, სხვა ვინმე ჩემს მსგავსად თაღლითების “გათამაშების” წინადადებას წამოეგოს და უკანასკნელი თანხა დაკარგოს. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ. გაითვალისწინეთ – შესაძლოა, ამ ყველაფრის გამო რომელიმე თქვენგანს პურის ფულიც კი არ დარჩეს” – ამბობს მარინა ფალიაშვილი.
“პრაიმტაიმი” მომხდარზე სასაუბროდ თიბისი ბანკს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ეს მორიგი თაღლითური სქემაა და ბანკი ამ გვერდის გაუქმებაზე მუშაობს.
“ეს მორიგი თაღლითური სქემაა, რომელიც დრო და დრო ჩნდება ხოლმე. ახლა, ბანკში სპეციალისტები იმ ვებ-გვერდის გაუქმებაზე, დარეპორტებაზე მუშაობენ, რომლიდანაც მომხმარებლებს ვითომ ამ გათამაშების შეთავაზება მისდით.
მუდმივად ვცდილობთ, რომ ჩვენი მომხმარებლები ინფორმირებულები იყვნენ უსაფრთხოების ნაწილში და გვინდა, მოვუწოდოთ მათ, რომ არ წამოეგონ ამ ან სხვა შეთავაზებას და პერსონალური მონაცემები არ გაასაჯაროონ.” – აცხადებენ თიბისი ბანკში.
primetime.ge