“მინდა შევუერთდე იმედგაცრუებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ“,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს.
“შეშფოთებულები ვართ ჩვენც, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის… მინდა შევუერთდე იმედგაცრუებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც მუდმივად ატარებდა, ატარებს და მომავალშიც აპირებს რომ გაატაროს ნაცმოძრაობამ და მის ირგვლივ შემოკრებილმა რამდენიმე სუბიექტმა… არ შეიძლება იყო იმ შეთანხმებაში, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე და ქვეყნისთვის მთავარი საფრთხის შემქმნელი. ამას გავუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გუშინ, 28 ივლისს “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ,თანაგუნდელებთან ერთად განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია.
კობახიძის განცხადებით, ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება იყო, თუმცა რადგან ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა დოკუმენტმა თავის თავი ამოწურა და ის გაუქმებულია.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მალევე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოებისგან.
ჯერჯერობით თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის არაოფიციალური შეხვედრის კადრები. შეხვედრაზე საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია მომხდარით.
“მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების” ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის”,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.