ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდის და ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმის გამო, აშშ აძლიერებს რეგიონში თავის სამხედრო ძალებს.
თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ბრძანებით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის არმიის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში გაიგზავნება ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავი USS Georgia(SSGN 729).
ეს ცნობილი გახდა 11 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც პენტაგონმა თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა ცნობა ლოიდ ოსტინის და ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის სატელეფონო საუბრის შესახებ.
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის განკარგულებით, დაჩქარდება ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში ამერიკული ავიამზიდის, USS Abraham Lincoln-ის გადასვლის პროცესი. ამ გემზე F-35C ტიპის გამანადგურებლებია განთავსებული. ამჟამად რეგიონში იმყოფება ამერიკული ავიამზიდი USS Theodore Roosevelt-ი.
პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა და გალანტმა განიხილეს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციისას სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის შემცირების მნიშვნელობა, ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა და მძევლების გათავისუფლების საკითხი და ძალისხმევა ირანის და მის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური ჰეზბოლას და სხვა რადიკალური დაჯგუფებების აგრესიის შესაკავებლად.