ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სანქციების ახალ სიასთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც მოხვდა, განცხადებას ავრცელებს და ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს.
ბლინკენი აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გამოიყენა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ზემოქმედება მოეხდინა.
“შეერთებული შტატების მთავრობა მიზანში იღებს პირებსა და სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან სანქციების თავის არიდებასა და გვერდის ავლაში. მათ, ვინც ხელს უწყობს რუსეთს, რათა ჰქონდეს უნარი, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის მომავალი ენერგეტიკული წარმოების გაძლიერებაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასანქცირებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზემოქმედებისთვის გამოიყენა”, – წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.