„მეც ვიმსახურებ თავისუფლებას”, „ამნისტიის დროა”, „შემახე ამნისტია”, – ამ ლოზუნგებით აჭარის მთავრობის სახლთან პატიმრების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. დაკავებულების ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ დაუყოვნებლივ საყოველთაო ამნისტია უნდა გამოცხადდეს, რადგან პატიმართა ნაწილი ნაკლებად მძიმე კატეგორიას წარმოადგენს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სპეციალური კანონპროექტი მოამზადეს, რომელსაც პარლამენტში შეიტანენ. აქციის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ პარლამენტისგან კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება.
„მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს, პარლამენტის სპიკერს, დღევანდელ ჩვენ მთავრობას, ვისაც ქართველი ხალხის ბედი აწუხებს, გთხოვთ ამნისტიას. ჩემი შვილი ნარკოტიკების მომხმარებელია, მაგრამ შენახვა-მოხმარების მუხლითაა დაკავებული, როცა მხოლოდ მომხმარებელი იყო. ექვსი წელი მიუსაჯეს. სამი წელია იხდის სასჯელს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მზევინარ კახიძემ.