პროტესტია კომპანია “სფერო ჰოლდინგის” ოფისთან – ადგილზე იმყოფებიან ის მოქალაქეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თაღლითური სქემით დაზარალდნენ და ფულის დაბრუნებას ითხოვენ.
საქმე ბინების გირავნობას ეხება – დაზარალებულები აცხადებენ, რომ ბანკიდან გამოტანილი სესხები კომპანიაში დააბანდეს, რომელიც მათ გირაოს ალტერნატივას სთავაზობდა.
- სქემის მიხედვით, „სფერო ჰოლდინგი“ მოქალაქეებისთვის ბინებს ქირაობდა, თანხა თავად უნდა გადაეხადა მეპატრონეებისთვის, ხოლო კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ინვესტორებისთვის ფული უკან უნდა დაებრუნებინა. ვადა ამოიწურა, თუმცა ფული არ დაბრუნდა.
- დაზარალებულთა მტკიცებით, საქმე „საუკუნის ძარცვას“ ეხება. მათი თქმით, „სფერო ჰოლდინგმა“ ნდობის მოსაპოვებლად სარეკლამო კამპანიაში ცნობილ სახეებიც კი გამოიყენა, თუმცა საბოლოოდ პირამიდული სქემა ჩამოინგრა და 300-მდე ოჯახი უმწეოდ დარჩა.
რომ გავიგე ამ კომპანიის არსებობა, ათასჯერ მოვედი აქამდე, ვთხოვე, ვუთხარი, რომ ვარ მომაკვდავი, ონკოლოგიური ავადმყოფი, ჩამოსული ვარ თურქეთიდან, ერთი კაპიკი არ გამაჩნია და ნუ დამღუპავთ-მეთქი, თუ რაიმე იქნება საეჭვო, არ გამაყიდინოთ ერთადერთი მამაპაპისეული სახლი და არ ჩამადებინოთ ფული-თქო, იმიტომ რომ დასაწოლი არ მაქვს-თქო. გამაყიდინეს, ჩამადებინე სთანხა და დღეს ერთი კაპიკი არ გამაჩნია. პენსიაც გამოტანილი, ისღა დამრჩა თავი მოვიკლა”, – ამბობს დაზარალებული.









