აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ლევან მგალობლიშვილი დაინიშნა.
ლევან მგალობლიშვილმა უმაღლეს საბჭოში მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა და მთავრობის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
განახლებულ კაბინეტში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი იქნება. იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის თანამდებობას დავით ფაცაცია, განათლებისა და კულტურის მინისტრის დავით მორგოშია. ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრის ლაშა ქარდავა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ლევან თევზაია, ხოლო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას გიორგი ძიგუა დაიკავებს.
ლევან მგალობლიშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. იყო საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევების პარლამენტის წევრი. მან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე რუსლან აბაშიძე შეცვალა რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2019 წლიდან იკავებდა.