„შორდები სახლს და უფრო მეტად ხვდები და იაზრებ, რომ თვეობით მიდიხარ, თვეობით ვეღარ ნახავ ცოლს, შვილს; თვეობით ვეღარ ნახავ მშობელს, დას, ძმას, სახლს…” – წერილს ფეისბუქის გვერდი „მეზღვაურები საქართველოდან“ ავრცელებს.
მეზღვაური იმ დარდს და ტკივილს გადმოსცემს, რაც ტალღებთან მებრძოლებს აწუხებთ.
„მიდიხარ, მაგრამ არ იცი, სად მიდიხარ! მაგრამ იცი, რომ უნდა წახვიდე! შენი წასვლა სჭირდება ოჯახს. შენი წასვლის გარეშე არ იქნება ოჯახი! არ იქნება მომავალი! ამიტომ მიდიხარ! იაზრებ თვეებით ადრეც, რომ უნდა წახვიდე! უნდა დატოვო ყველაფერი თვეობით, მაგრამ წასვლისას, კარებში გასვლისას უცებ, წამიერად ხვდები, ვერ გაგიაზრებია თურმე, რომ მიდიხარ. მობრუნდები და ხედავ ოჯახს, რომელსაც “სჭირდება”, რომ წახვიდე. ვერ ბედავ, თუნდაც შენს თავს უთხრა: “არ წავალ, ვერ წავალ”. არ გაქვს უფლება! ასეა საჭირო, იცი…
შორდები სახლს და უფრო მეტად ხვდები და იაზრებ, რომ თვეობით მიდიხარ; თვეობით ვეღარ ნახავ ცოლს, შვილს; თვეობით ვეღარ ნახავ მშობელს, დას, ძმას, სახლს, შენს საყვარელ ადამიანებს. არ გინდა, მაგრამ მაინც მიდიხარ, სხვა გზა არ გაქვს. მათაც აკლიხარ უკვე. ამაზეც ფიქრობ. ფიქრობ და მიგაქვს ის ფიქრიც და დარდიც, რომ შენს ოჯახს აკლიხარ… ის ფიქრიც მიგაქვს: “ნეტა, როგორ იზრდება ჩემი ბიჭი, ნეტავ, როგორაა მამის გარეშე. ხო არ ედარდება?”’. იცი, ენატრები უკვე, იცი, აკლიხარ უკვე! შენც ყოველ წამს უფრო მეტად გენატრება! ყოველ წამს უფრო მეტად გეფიქრება: “მოდი, დავბრუნდები”, მაგრამ ვერა! არ შეიძლება. შენი წასვლა სჭირდება ოჯახს, რომ ოჯახი ერქვას და მომავალი ჰქონდეს! ასეთები ვართ ჩვენ, მეზღვაურები. მივდივართ ოჯახისთვის, მომავლისთვის და მიგვაქვს დარდი და მონატრება! ღმერთი ფარავდეს ყველა მეზღვაურს!” – წერს გელა გოგიტიძე.