მომღერალმა ნუცა ხურციძემ ბერძნულ “ვოისში” ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან ბრმა მოსმენაზე ჯგუფის “ქვინი” ცნობილი ჰიტი “ბოჰემური რაფსოდია” შეასრულა, ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა და მათგან ტაშიც დაიმსახურა.
,,სამი წელია, რაც საბერძნეთში ვიმყოფები. რეალურად, ბებიაჩემთან ჩამოვედი დასასვენებლად, შემდეგ პანდემია დაიწყო. სიმართლე გითხრათ, არც მქონდა დაგეგმილი კონკურსში გასვლა. უბრალოდ, ასე მოხდა.
როცა გავედი კონკურსში, ვიცოდი, რომ წარმატებას მივაღწევდი, რადგან მჯერა ჩემი თავის და ძალიან თავდაჯერებული ვარ, მაშინ როდესაც საქმე სიმღერას ეხება. მუსიკას სხვა ემოციები მოაქვს.
ძალიან ბედნიერი ვიყავი, მქონია კონცერტები, მაგრამ ამხელა აუდიტორიისთვის არ მიმღერია. ბევრი დადებითი ემოცია მოვიდა დილიდან. ვაპირებ, ჩემი მაქსიმუმი დავდო.
მინდა ვასახელო ჩვენი ქვეყანა, რადგან სიმართლე გითხრათ, საბერძნეთში არც ისე კარგი სახელი აქვთ ქართველებს. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, მითქვამს ადამიანისთვის, რომ ქართველი ვარ და სახე შეცვლია. აღარ მინდა ასე იყოს”,– ამბობს ნუცა ხურციძე doctrina.ge-სთან საუბრისას.
ნუცა ხურციძე თბილისში დაიბადა და გაიზარდა თუმცა, მას ქუთაისური ფესვები აქვს. გოგონას მშობლები ქუთაისელები არიან. სიმღერის ნიჭი ნუცას მემკვიდრეობით ბაბუასგან და დედისგან ერგო.