„ტოიოტა ქამრიში” მყოფ პირებს საზოგადოებამ და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება, ვინაიდან არათუ ბრალდებულებად, არამედ მსჯავრდებულებად აქციეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, – ამის შესახებ გლდანის პენინტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა.
„მოლოდინი, რომ ბრალდება სხვანაირად მოიქცეოდა, არ გვქონია. ჩვენ ვნახეთ რაღაც მონათხრობები, ვარაუდები, რომლებიც არაერთხელ მოვისმინეთ ბატონი მირიან ნიკოლაძისგან, მისი საუბარი გადაიტანა პროკურატურამ და გამოსცა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, პირი დამნაშავედ ცნობილი ხდება მას შემდეგ, რაც სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს და ეს გადაწყვეტილება არის არასწორი. ამას უარყოფი ეფექტი ექნება როგორც პროკურატურისთვის ასევე დაზარალებულისთვის, ვინაიდან ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სასამართლოში დადგება გამამართლებელი განაჩენი,” – აღნიშნა მამულაშვილმა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ საქმეში ისეთი მტკიცებულება იქნება, რომელიც წარდგენილ ბრალს ზურგს გაუმაგრებს.
ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალის დამძიმების მოლოდინი არ ჰქონდა.
“ საქმე გამოყოფილი იყო, თუმცა რა თქმა უნდა, არც ახლა არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ საქმეში იქნება ისეთი მტკიცებულება, რომელიც წარდგენილ ბრალს რაიმე სახით ზურგს გაუმაგრებს, თუმცა დაველოდოთ მასალებს დაცვის მხარისთვის გადაცემას და შემდეგ იქნება ამ მტკიცებულებების შეფასება, დაცვის სტრატეგიის განსაზღვრა. საქმეში არსებული მტკიცებულებები ამ დროისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ადასტურებს, შესაბამისად, პროკურატურის ის პოზიცია, რომ საქმეში მათ აქვთ მტკიცებულებები და ბრალის წარდგენის შემთხვევაში დაადასტურებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას, რა თქმა უნდა, პროკურატურის ეს პოზიცია ჩემთვის გაუმართლებელია“,-აცხადებს არჩილ ბერიანიძე.
არასრულწლოვანი ზ.ხ. – ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, ბრალდებულების ჩვენებებით და მანამდე არსებული საქმის მასალებით ,,არ არსებობდა რაიმე სახის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა ბრალის დამძიმება”.
„ბრალის დამძიმების მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა იმის, რომ ბრალი დამძიმებულიყო. გამომძიებლებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბრალი უნდა წარედგინათ, ჩვენ მოვედით. იმედია, რომ წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული ბრალის დამძიმება და შემდეგ უკვე დეტალურად ვისაუბრებთ. ბრალდებულების ჩვენებებით და მანამდე გადმოცემული საქმის მასალებით არ არსებობდა მსგავსი სახის მტკიცებულება რომლის საფუძველზეც მოხდებოდა აღნიშნული ბრალის დამძიმება. გარემოება, რომ ვიღაცამ შაქარაშვილს გზა მოუჭრა, არის აბსურდი, ზ.ხ. დასაწყისშივე ამბობდა, რომ ის და ვასილ მახარაძე წავიდნენ მანქანის მოსაყვანად ფერადი შენობიდან და შაქარაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი არ ჰქონიათ ,” – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან ხუთს: ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა.