“ქუთაისის წითელი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კონსტრუქცია თავის დროზე საფრანგეთიდან ჩამოიტანეს. იგი პირველი რკინის ხიდია ამიერკავკასიაში. დღეს ხიდიდან უპასუხისმგებლო და თავხედი მოქალაქეების მიერ დაბინძურებული სანაპიროს ხედები იშლება. მართალია, ასეთი მოქალაქეების ჭკუის სასწავლებლად კანონი არსებობს (ჯარიმა) , მაგრამ იგი ვერ მუშაობს.
ადგილობრივი ხელისუფლება პერიოდული დასუფთავებით შემოიფარგლება, რაც ეფექტური ნამდვილად არ არის. ხიდის მიმდებარედ თვალში მოგხვდებათ ქაოტურად მიმოფანტული უშნო ჯიხურები, რომლებიც იგივე ხელისუფლების ნებართვის გარეშე არ აღმოჩნდდებოდა აქ. გიჩნდება მოსაზრება, რომ ამ ქალაქს არქიტექტურის სამსახური არც კი გააჩნია, ან თუ ყავს, მხოლოდ ნებართვებს გასცემს და რაც გინდა და სადაც გინდა ააშენე. ანტისანიტარიასთან ერთად გაუსაძლისი სურნელი მოდის იქვე არსებული ტუალეტიდან.
აქვეა ტურისტული ავტობუსებისთვის გამოყოფილი პარკინგის ადგილი, რომელზეც ფირნიშიც მიგვანიშნებს, მაგრამ ამაოდ. პატრული ვერ ამჩნევს წესების დამრღვევ მძღოლებს, რომლებიც ავტომობილებს აქ არ უნდა აჩერებდნენ. ფაქტი ისაა, რომ მერიის წარმომადგენლებიც ეგუებიან ყოველივეს. რიონის პირას კი ლითონის დანგრეული დახლები ლამის ჩემი ბავშვობის შემდეგ ყრია. მე მინდა ჩემი ქალაქის ხელისუფლებამ ასეთი დეტალები შეამჩნიოს და არ მეხება/ყველაფერი მაგრადაა სიტუაციიდან გამოვიდეს. თავის მოტყუილება თუ უნდათ, ეს სხვა საქმეა. ეხ, სურვილია მთავარი, თორემ ყველაფერი მოგვარებადია.“-წერს ჟურნალიტი ხვიჩა ვაშაყმაძე.