გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თავშესაფარსა და სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„მზად ვართ, ნავალნისა და მის ახლობლებს ჯანდაცვასთან, თავშესაფარსა და დაცვასთან დაკავშირებული ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ,“- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც: „ჩვენ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველანაირ დახმარებას გავუწევთ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გერმანიის საავადმყოფოებში ვუმკურნალებთ,“ – აღნიშნა მერკელმა.
მაკრონმა და მერკელმა ინციდენტის გამო ღრმა შეშფოთება გამოხატეს და გარემოებების სწრაფად დადგენის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გარემოებები ძალიან სწრაფად გაირკვეს. ჩვენ ამას დაჟინებით მოვითხოვთ, რადგან ის, რაც აქამდე მოვისმენთ, ძალიან არასასიამოვნოა,“- აღნიშნა მერკელმა.
შეგახსენებთ, გუშინ ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და კომაში იმყოფება. ნავალნის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, მოწამლულია.