თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, ამ ეტაპზე ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების ფაქტი არ დადასტურებულა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა.
„აქამდე არ დადასტურებულა ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის გადადების ფაქტი, მაგრამ დადასტურებულა პირიქით, ადამიანიდან ცხოველზე გადადების ფაქტი.
ზოგადად, კორონავირუსები გავრცელებულია ცხოველებშიც, მაგრამ კოვიდ 19-თან დაკავშირებით, რომ ცხოველები წარმოადგენენ რაიმე საფრთხეს და ამის გამო დამატებითი სიფრთხილის ზომებია საჭირო – არა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჰიგიენური ნორმა და დისტანცია დავიცვათ“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, თავშესაფარში დაკარგულის მქონე სტატუსის ცხოველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია.
„აჟიოტაჟია ატეხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება ცხოველების სახლიდან გამოგდება, თუმცა სტატისტიკა, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, ამის საწინააღმდგოზე მეტყველებს. გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, პირიქით – შემცირებულია დაკარგული ცხოველის სტატუსტით შემოსულთა რაოდენობა, დაახლოებით 17%-ით. ის ფაქტი, რომ ადამიანები ქუჩაში უფრო ნაკლები არიან ვიდრე ადრე იყვნენ და ძაღლები იგივე რაოდენობით, გარკვეულწილად ქმნის ილუზიას, რომ ძაღლები უფრო მეტია, მაგრამ სინამდვილეში, დაახლოებით იგივე რაოდენობაა. სამწუხაროდ, ადამიანები ქუჩაში ყოველთვის აგდებდნენ ძაღლებს. ეს ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ ამ ეტაპზე თბილისში ამის შემცირების სტატისტიკა გვაქვს“, – განაცხადა ლომჯარიამ.
რაც შეეხება საკვების პრობლემას, ლომჯარიას განცხადებით, თბილისში ძაღლები ამის პრობლემას არ განიცდიან.
„რეგიონებში, უღელტეხილებზე ძალიან ხშირად გვხვდებიან ძაღლები, რომლებიც საკვების ნაკლებობის პრობლემას განიცდიან, თუმცა თბილისში აქამდე ამის პრობლემა არასოდეს არ გვქონია. თუმცა, კონკრეტული ცხოველების კონკრეტული ადამიანებისგან გამოკვების სისტემა დაირღვა. ადამიანები, რომლებიც სამსახურში მიდიოდნენ და იქ უვლიდნენ ცხოველებს, ახლა კი დისტანციურ მუშაობაზე არიან გადასული, ამას ვეღარ ახერხებენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ძაღლები სხვა რამით არ იკვებებიან. იმისათვის, რომ ჩვენ თავი დავიზღვიოთ, ინიციატივაში შემოგვიერთდა კერძო სექტორიც და 5 ტონა საკვები გადმოგვცეს, რომლის დარიგებაც უკვე დაწყებულია. მსურველები რეგისტრირდებიან, გვირეკავენ, გვწერენ და ვინც სურვილი გამოიჩინა, ყველას ვეხმარებით“, – განაცხადა ლომჯარიამ.