ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნამახვანჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ამ პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს პოსტპანდემიური ეკონომიკის განვითარების საქმეში.
მისივე თქმით, ნამოხვანჰესის გარშემო არსებული დისკუსიაში ვერავის შეჰყვება კამათში იმაზე, თუ რატომ გადაეცა მიწა თურქ ინვესტორს.
“თუ პრობლემა ისაა, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქ ინვესტორს, ამაზე დავაში ვერავის შევყვები, რადგან საუბარია ჩვენს სტრატეგიულ მეზობელზე, ევროატლანტიკური ოჯახის წევრზე, ხოლო თუ იმაზეა დავა, მიწა რატომ გადაეცა საერთოდ ინვესტორს, ამაზე შემიძლია ვისაუბრო”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რატომ არის გადაცემული დიდი ფართობის მიწა უცხოელი ინვესტორისთვის. მისი თქმით, პროექტი დიდია და დიდი ფართობის მიცემას მოითხოვდა.
“თუ აღმოჩნდება რომ იმაზე მეტი მიწის ფართობია გადაცემული, რაც რეალურად, სჭირდება პროექტის განხორციელებას, ამაზე შეგვიძლია სრულიად ღიად ვისაუბროთ, გამოვყოთ თქვენი ნდობით აღჭურვილი პირები და ვნახოთ, სად არის გადაცემული მიწა იმაზე ჭარბი რაოდენობით, ვიდრე ეს დაშვებულია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ასე არ არის”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, დღევანდელ განხილვაზე პარლამენტში, მინისტრების მოხსენებას ნამოხვანჰესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.