პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ქვეყანაში მედიათავისუფლება აბსოლუტურად გარანტირებულია და ამ ნაწილში საქართველოში შექმნილი გარემო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს.
პრემიერი ამასთან, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი “TV პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სპეკულაციისთვის იყენებს.
“იმას, რასაც ვუყურებთ ახლა ბოლო დღეების განმავლობაში, რაღაც ერთგვარი აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილი არის ჩვენ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს, თუ ვინ დგას სიმართლის მხარეს. რაც ხდება ახლა არის პოლიტიკური აქცია და აქტი. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ თქვენი კოლეგის გარდაცვალება, (მიმართა მედიას). რა თქმა უნდა, ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ძალიან დიდი ამორალური საქციელი არის სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და მანიპულირება. ამ თემით სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა, ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, რა თქმა უნდა ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას.
ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ არის ჩაბმული პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს კარგად არ აისახება მედია გარემოზე, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მათი არჩევანია. ჩვენ, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება და ამისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა.
ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის ერთ-ერთი მოწინავე. ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვასწრებთ წინ და ჩვენთან მედიათავისუფლება არის არის აბსოლუტურად გარანტირებული. 2 კვირის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახსნას ტელევიზია და მედიამ დაიწყოს თავისუფლად ოპერირება საქართველოში,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.