დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკა გამყრელიძეს ინფექციური საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, უახლოეს ორ დღეში გაწერენ.
როგორც ინფექციურ საავადმყოფოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ვირუსზე შესაბამისი კვლევა მას ხვალ ჩაუტარდება.
ინფექციურ კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი უკვე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია და რადიოლოგიურადაც კარგი მდგომარეობა აქვს.
მათივე ცნობით, ორი დღის წინ მას ჩაუტარდა გამოკვლევა კორონავირუსზე, რა დროსაც ანალიზმა სუსტად დადებითი აჩვენა.
„ნიკა გამყრელიძეს ვირუსზე კიდევ ერთი კვლევა ხვალ ჩაუტარდება, რომელიც 24 საათში განმეორდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტს კლინიკიდან გაწერენ“, – განაცხადეს ინფექციურ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გამყრელიძეს ვირუსი მარტის დასაწყისში დაუდგინდა. ის მისი თანამშრომლისგან დაინფიცირდა, რომელიც თავის მხრივ, იტალიაში იმყოფებოდა.