ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის ეროვნული კინოცენტრი საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს. საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს ეროვნული კინოცენტრი 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან 30 სექტემბრის 17:00 საათამდე მიიღებს. წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენს. კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება. კანდიდატი ფილმის სახელი 2020 წლის 10 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი.
კინოცენტრის ინფორმაციით, განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში ან კომერციულ ოლნაინ-პლატფორმაზე;
უნდა ჰქონდეს კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი);
შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ფილმის ასლები:
განაცხადი ფილმის მწარმოებლისგან, რომელითაც დასტურდება, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, და რომ მწარმოებელს აქვს უფლება და სურვილი, წარმოადგინოს ფილმი განსახილველად;
ფილმის 1 ასლი BluRay ან DCP ფორმატში ინგლისური სუბტიტრებით და 1 ასლი DVD ფორმატში. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ, ხოლო DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში;წარმოდგენილი ფილმის ვერსია უნდა შეესაბამებოდეს კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს;
“ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი) ასეთის არსებობის შემთხვევაში; გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე.
იმ შემთხვევაში, თუ ფილმის პრემიერა იგეგმებოდა საქართველოს რომელიმე კინოთეატრში 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 სექტემბრამდე, მაგრამ ის არ შედგა მსოფლიო პანდემიით გამოწვეული პრობლემის (კინოთეატრების დახურვის) გამო, შესაძლებელია ფილმის მინიმუმ 7-დღიანი უწყვეტი დისტრიბუცია განხორციელებული იყოს ან 15 სექტემბრამდე განხორციელდეს რომელიმე კომერციულ ონლაინ-პლატფორმაზე. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა.