თეა წულუკიანმა საქართველოს ისტორიისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, მან ორთაჭალის პენიტენციურ განყოფილების ტერიტორიაზე კულტურული ცენტრის გახსნის შესახებ განაცხადა. პროექტის მიზანი ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობაა.
“ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ორთაჭალაში, ალტერნატიული კულტურული სივრცე იხსნება.
ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში, როდესაც ციხის შენობასა და ტერიტორიაზე კულტურის კერა გაჩნდება და ის ადგილი, რომელიც ნეგატიური და მძიმე ისტორიებით დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას, კულტურის მოღვაწეთა და ახალგაზრდათა შეკრების და შემოქმედებითი საქმიანობის აქტიური კერა გახდება“, – ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
მათი ცნობით, მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობა ნებისმიერ ხელოვანს შეეძლება.
სამინისტრო მათ სთავაზობს, მოაწყონ კონცერტები, შემეცნებითი ღონისძიებები, სპექტაკლები და ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით.
“ალტერნატიული კულტურული სივრცე N12” 10 აგვისტოს მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლით “მარინა რევია” გაიხსნება.