ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პროვინციის გუბერნატორის ათაულა ხუგიანის თქმით, არ არის გამორიცხული, დაღუპულების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ვინაიდან, აფეთქების შედეგად დაშავებულია ათობით ადამიანი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია, თუმცა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თარიქ არიანმა მომხდარში „თალიბანი“ დაადანაშაულა. მისი თქმით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში თალიბებმა ქვეყანაში 650 თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 69 და დაშავდა 141 მშვიდობიანი მოქალაქე.
შეგახსენებთ, დოჰაში ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რისი მიზანიც ქვეყანაში ათობით წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებაა.