გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრემიერისგან მიღებული დავალების საფუძველზე, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად ჩავა და ადგილზე გაეცნობა ნამახვანის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოსახლეობის პროტესტის მიზეზებს.
მინისტრი თვლის, რომ მათ ხელთ არსებული საექსპერტო დასკვნების საფუძველზე მოახერხებენ მოსახლეობის დარწმუნებას და პროექტი წარმატებით განხორციელდება.
ლევან დავითაშვილის თქმით, შეხვედრები დაგეგმილია ცაგერის მუნიციპალიტეტსა და ქუთაისში. ქვედა ნამახვანი იმერეთშია განთავსებული და მოიცავს წყალტუბოს რაიონის სოფლებს. მინისტრის თანახმად, მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მხოლოდ ქვედა ნამახვანზეა გაცემული.
„ნამახვანჰესი“ ჩვენი იმპორტის დიდი ნაწილის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს – ნათია თურნავა
რას აცხადებენ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე
„ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა შევქმნათ სწორი, ობიექტური აზრი და პატივი უნდა ვცეთ მოსახლეობის აზრს. რამდენადაც დიდი იქნება გამოწვევა იმდენად დიდი იქნება ჩვენი პასუხი. ეს არის ბევრი ჯგუფი, ეს არის ადგილობრივები, სხვადასხვა ენთუზიასტები, ვითომ ექსპერტული ჯგუფების წარმომადგენლები, ასეთივე არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.“, – ამბობს ლევან დავითაშვილი.
თუ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ის საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი იქნება. ჰესის საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება.
კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 60 მეტრი იქნება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი.
შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.
ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე ოთხი თვეა აპროტესტებს და მოითხოვს, კომპანია “ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა.