“იმდენად მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის პირველი გეოლოგიური მარშრუტი, რომ ამის მერე ჩამოვწერე სპეციალობები, რომლებიც არ მოითხოვენ სიარულს და ერთ-ერთი სპეციალობა გახლდათ მუსიკოსობა. სწორედ ქუთაისში გადავწყვიტე რომ დავუბრუნდე მუსიკას და ალბათ ამით მივიღე სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩემგან კარგი გეოლოგი ვერ გამოვიდოდა.” – განაცხადა ლეგენდარულმა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა 2015 წელს “მეგა ტვ”-თან ინტერვიუს დროს.
უდიდესი ქართველი კომპოზიტორი საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი 84 წლის ასაკაში გარდაიცვალა. ის ბოლო თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.
60 კინოფილმისა და ბევრად მეტი თავისუფალი სპექტაკლის კომპოზიტორი, გია ყანჩელი, რომლის შემოქმედებაც შედევრად იქცა მსოფლიო მუსიკის ავანგარდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება. ქართველი კომპოზიტორი თბილისში 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა. 1959 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის სპეციალობით დაამთავრა. დიპლომის აღებისთანავე სწავლა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ მუშაობდა. 1979 წელს იგი საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.
გია ყანჩელი ისეთი კინოფილმების მუსიკის ავტორია, როფორებიცაა „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა. კომპოზიტორმა შექმნა მუსიკა სპექტაკლებისთვის „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“. მას არასდროს დაუწერია კანტატები სამშობლოზე და ორატორიები პარტიაზე. კომპოზიტორს საერთაშორისო აღიარება 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანჯელომ“ მოუტანა.
გია ყანჩელი მრავალი საერთშორისო პრემიის ლაურეატია, მათ შორის – “საბჭოთა ოსკარად” წოდებული პრიზის “ნიკას” მფლობელი. 1987 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფისტთა კავშირმა ის საუკეთესო კომპოზიტორად დაასახელა. კომპოზიტორს მინიჭებული აქვს “საქართველოს სახალხო არტისტის” წოდება, ფლობს შოთა რუსთაველის პრემიას, ღირსების ორდენსა და ვოლფის პრემიას ხელოვნებაში.
საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ გია ყანჩელი ბერლინში გაემგზავრა, 1991 წლიდან კომპოზიტორი გერმანიაში ცხოვრობდა. 1995 წლიდან ის ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში ცხოვროდა, სადაც ფლანდრიის საფემო ფილარმონიულმა ორკესტრმა დირიჟორად მიიწვია. მიუხედავად ამისა მას საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან კავშირი არ გაუწყვეტია.
კომპოზიტორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა რომ მთელი მისი ცხოვრება ყოველდღიურ შრომაში გაატარა: „ეს შრომა იწყებოდა დღისით და გვიან ღამე მთავრდებოდა. თუ წამოიდგენთ, რომ ეს ხდებოდა ყოველდღე ალბათ მიხვდებით, ეს როგორი მძიმეა და გარდა ამისა, სულ ვცდილობდი ჩემს მუსიკაში ჩამედო ის, რაც დაკავშირებულია სილამაზესთან და სიმშვიდესთან.“ – ამბობდა კომპოზიტორი.
„კარგად მესმის, რომ ხელოვნება სამყაროს უკეთესობისაკენ ვერ შეცვლის, ამიტომ ვცდილობ, უმეცრებას არა აზვირთებული მდინარე დავუპირსპირო, არამედ „დუმილი“, რომელიც ვიზუალურად უძრავი წყლის ზედაპირს ჰგავს.“ – ასე აღწრდა თავის შემოქმედებას კომპოზიტორი გია ყანჩელი.
2015 წელს ქუთაისში გია ყანჩელის საიუბილეო კონცერტი გაიმართა