საქართველოს სახალხო არტისტი ანზორ ხერხაძე ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრიდან 15:00 საათზე გამოასვენეს.
ქუთაისისი მერის ბატონი გიორგი ჭიღვარიას, ქალაქის ინტელიგენციის, თეატრალური საზოგადოების და მესხიშვილის თეატრის გადაწყვეტილებით ანზორხერხაძე ქუთაისის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მწვანეყვავილაზე, დაკრძალეს.
“დღეს კიდევ ერთხელ მოვა თეატრში, მოეფერება საყვარელ სცენას, მადლობას მოუხდის კოლეგებს, ქართველ მაყურებელს ? შემდეგ კი საბოლოო ტაშით გააცილებენ. თუმცა მისი სული ათწლეულები იტრიალებს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, ქართული თეატრალური სამყარო კი უამრავ რამეს იტყვის და დაწერს, რადგან ის იყო ერთერთი უდიდესი არტისტი ჩვენს ქვეყანაში! მშვიდობით ჩვენო უფროსო მეგობარო, ხშირად მოგიგონებთ, რადგან შენ ჩვენი მაგალითი იყავი” – ასე ემშვიდოდება ანზორ ხერხაძეს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი თავის ფეისბუკ გვერდზე.
საქართველოს სახალხო არტისტი, მესხიშვილის თეატრის მსახიობი ანზორ ხერხაძე 82 წლის ასაკში 13 სექტემბერს გარდაიცვალა. ქუთაისის საპატიო მოქალაქე და არაერთი ჯილდოსა თუ პრემიის მფლობელი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში 1962 წლიდან მუშაობდა. ნათამაშები აქვს 224 როლი. მსახიობს 2010 წელს ვარსკვლავიც გაუხსნეს.