საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია ჭიღლაძე “დღის კურიერის” პირდაპირ ეთერში მრევლისა და სასულიერო პირების მხრიდან COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული ზომებისადმი დამორჩილების აუცილებლობაზე ისაუბრა.
დეკანოზის მოსაზრებით, ეკლესიის გადაწყვეტილებას, არ დაემორჩილოს საგანგებო მდგომარეობის წესებს, ხელი შეუწყო მთავრობის ორჭოფობამ, რომელმაც, თავდაპირველად თქვა, რომ წესები ეკლესიაზეც გავრცელდებოდა, შემდეგ კი თავისივე ნათქვამი უარყო.
“მთავრობის პოზიცია თავიდანვე არ იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ეხებოდა თუ არა საგანგებო მდგომარეობის წესები ეკლესიას. თავიდან პრემიერმა განცხადა, რომ ეხებოდა, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა რომ არ ეხებოდა. როდესაც ხელისუფლება იჩენს ორჭოფობას, სისუსტეს თუ ჩამოუყალიბებლობას, მაშინ კანონის აღსრულებას ყოველთვის შეექმნება პრობლემა. მაგრამ ის, რომ უნდა აღსრულდეს კანონი, რომელიც ეხება საზოგადოების და ერის უსაფრთხოებას, გარკვეული შეზღუდვები დროებითია და ეს არ ეხება რელიგიის წინააღმდეგ არც დევნას, არც ღვთის უარყოფაა, არამედ გარკვეული დროის მანძილზე გარკვეული რეჟიმის დაცვა, რაც ჩემი აზრით, სავსებით ბუნებრივი და აუცილებელია,”- განაცხადა დეკანოზმა.
მამა ილია ჭიღლაძის თქმით, რჯულის კანონში არ არის პირდაპირ მითითებული, როგორ იქცევა ეკლესია ე.წ. ჟამიანობის დროს, თუმცა ლოცვის ტექსტიდან ჩანს, რომ ასეთ დროს ეკლესიები აუცილებლად იხურებოდა.
“ჩვენ რჯულის კანონში გარკვევით არ წერია ნორმები, რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ ჟამიანობის დროს, თუმცა, მაშინდელი პრაქტიკა, რამდენადაც ადამიანებს არ ჰქონდათ მედიცინის ის ცოდნა რაც ახლა აქვთ და არც პრევენციული ზომები არ იყო ასეთი, როგორც წესი, ეპიდემია მუსრს ავლებდა ნახევარ დასახლებას. ეპიდემიის დროს ყველა, ვისაც შეეძლო, გარბოდა ეპიდემიის ცენტრიდან. სწორად ამიტომაც, ეპიდემიისა და მიწისძვრის საწინააღმდეგო ლოცვაში წერია, რომ მოედნები და საჩინო ადგლები დაცარიელდა, ღვთისმსახურება გაუქმდა და ეკლესიები ცარიელიაო. ძველ საუკუნეებში იყო ბუნებრივი მოვლენა, რომ ეპიდემიის დროს ღვთისმსახურება ჩერდებოდა, რადგან შეუძლებელი იყო მისი გაგრძელება.
დღეს, როდესაც პრევენციული ზომები დახვეწილია, შეგვიძლია ეპიდემიის უმძიმესი ფორმები ავიცილოთ და ზუსტად ამას ემსახურება საგანგებო რეჟიმის პროცედურები,” განაცხადა მამა ილია ჭიღლაძემ.
RUSTAVI2.GE