პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ცნობით, მათ უკვე შექმნეს ახალი კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინა. მას შემდეგ, რაც ვაქცინა თაგვებს თითის წვერის ზომის დასაწებებელი ნაჭრით შეუყვანეს, მათ ორგანიზმში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები იმ ოდენობით წარმოიქმნა, რომ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ვირუსის გასაუვნებელყოფად.
კვლევა უკვე რეცენზირებულია სხვა მეცნიერთა მიერ და გუშინ გამოქვეყნდა ჟურნალ The Lancet-ის გამოცემა EBioMedicine-ში. მკვლევრებმა მუშაობა საკმაოდ სწრაფად შეძლეს, რადგან სამუშაოს გარკვეული ნაწილი უკვე შესრულებული ჰქონდათ წინა კორონავირუსული ეპიდემიების დროს.
„გვაქვს გამოცდილება SARS-CoV-ზე 2003 წელს და MERS-CoV-ზე 2014 წელს. ამ ორმა ვირუსმა, რომლებიც SARS-CoV-2-ის საკმაოდ ახლო ნათესავები არიან, გვასწავლა, რომ კონკრეტული ცილა, რომელსაც წვეტი ცილები ჰქვია, საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანის იმუნური სისტემის ვირუსის წინააღმდეგ სტიმულირებისთვის. უკვე ვიცოდით, ზუსტად რა ადგილას უნდა დაგვერტყა ახალი ვირუსისთვის. სწორედ ამიტომ არის ვაქცინების კვლევების დაფინანსება უმნიშვნელოვანესი. არასოდეს იცი, როდის და საიდან მოვა ახალი პანდემია“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, პიტსბურგის სამედიცინო სკოლის ქირურგიის პროფესორი ანდრეა გამბოტო.