ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც სხვებთან შედარებით მძიმე იყო, დასტაბილურდა.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან ხუთს უდასტურდება პნევმონია.
„5 პაციენტთან დადასტურებულია პნევმონია. ერთ-ერთი იყო შედარებით მძიმე მდგომარეობით, მაგრამ დღეს შევიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურდა ამ პაციენტთან მდგომარეობა და ახლა მისი პნევმონია შეგვიძლია შევაფასოთ როგორც საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენი ოთხი მსუბუქი მიმდინარეობით იყო შეფასებული და ასევე რჩება ჯერჯერობით, პროგრესირება დილის მონაცემებით არ შეინიშნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ამჟამად საავადმყოფოში 45 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 17 პაციენტის პასუხი რამდენიმე საათში იქნება.
„დღეს დილის მონაცემებით სააავადმყოფოში წევს 45 პაციენტი, საიდანაც 21 არის ინფიცირებული. გუშინ დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტირებით მივიღეთ 11 პაციენტზე უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტები გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში ან საკარანტინე ზონაში. ახლა 17 პაციენტზეა აღებული ტესტი და ჩვენთვის ჯერჯერობით პასუხები ცნობილი არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ალბათ ნეგატიური უნდა იყოს ყველა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.
„მინიმალური ჩივილებით არის ეს ბავშვი და ზოგადი მდგომარეობა მისი დამაკმაყოფილებელია. ზოგადად, ბავშვებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და იმედია, ასე გაგრძელდება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.